samcxe-javaxeTis mxare  
  

 



axalcixis municipaliteti
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრი - ქ. ახალციხე.

ახალციხის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ხარაგაულისა და ბორჯომის, აღმოსავლეთიდან - ასპინძის, ხოლო დასავლეთიდან - ადიგენის მუნიციპალიტეტი. სამხრეთის საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს.

istoria

მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ახალციხის მაზრაში შედიოდა, 1917–30 წლებში აღმოსავლეთ საქართველოში ახალციხის მაზრის სახელწოდებით, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. 2014 წელს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას გამოეყო ქალაქი ახალციხე.

geografia

მუნიციპალიტეტი მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, უჭირავს მტკვრისა და ფოცხოვისწყლის ხეობები. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1010 კვ.კმ-ა, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 410 კვ.კმ.

ახალციხის მუნიციპალიტეტში თავს იყრის მოსაზღვრე სახელმწიფოებიდან: სომხეთიდან და თურქეთიდან მომავალი გზები. მის ტერიტორიაზე გადის საქართველოს საერთაშორისო ავტომაგისტრალები ს 8 და ს 11; აგრეთვე ახალციხე - ბათუმის გზა, ასევე ხაშური-ვალეს რკინიგზის მონაკვეთი.

reliefi

მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი აგებულია ოლიგოცენური ასაკის ქვიშაქვებითა და თიხებით. ერუშეთის ქედის აგებულებაში მონაწილეობს ეოცენური ტუფ-ბრექჩიები, ტუფები, ანდეზიტები. მესამეული ვულკანოგენური წყებებითაა აგებული მესხეთის ქედის ის მონაკვეთი, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტში შედის. რელიეფი რთულია, გვხვდება მოვაკებული ტერასები, მერიდიანული ხეობები, მცირე ქვაბულები, გორაკ-ბორცვები და ვულკანური მთები, რომლებიც განლაგებულია 950 მ-დან (სოფელი აწყურთან) 2964 მ-მდე (მთა გუმბათი). მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე ეროზიული მთა-ხეობათა რელიეფია. მუნიციპალიტეტი მდიდარია წიაღისეულით. მოიპოვება მურა ნახშირი, დიატომიტი, აქატი, თაბაშირი, საშენი მასალა.

hava

ახალციხის მუნიციპალიტეტის უმეტეს ნაწილში მთიანეთის სტეპების ჰავაა, ზამთარი – ცივი, მცირეთოვლიანი, ზაფხული - ხანგრძლივი და თბილი. ახალციხის ქვაბულის ძირზე იანვრის საშუალო ტემპერატურა 3,8 °C, აგვისტოსი 20,5 °C. უფრო მაღალ ზონაში, მესხეთის ქედზე, ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურზე გარდამავალი ჰავაა. ერუშეთის ქედის თხემურ ზოლში მთიანეთის სტეპების ჰავაა, ზაფხული – მოკლე, ზამთარი – ცივი, ნალექები დაბალ ზონაში 520 მმ-ს არ აღემატება წელიწადში, მოსაზღვრე ქედების კალთებზე კი 1200 მმ-ს არ აღწევს. ნალექების მაქსიმუმი მოდის მაისსა (64 მმ) და ივნისში (86 მმ) მინიმუმი ზამთრის თვეებში (იანვარი 20 მმ, თებერვალი 25 მმ).

Siga wylebi

მთავარი მდინარეებია; მტკვარი, ფოცხოვისწყალი და მისი შენაკადები ქვაბლიანი  და ურაველი. პატარა მდინარეებია; წინუბნისწყალი და ჭვინთაღელე. მდინარეები გაზაფხულზე წყალუხვია, შემოდგომიდან მათი დონე კლებულობს და ზამთარში მინიმუმამდე დადის. თავსხმა წვიმების დროს იცის პერიოდული ნაკადულების ღვარცოფული მოვარდნა. მდინარეებს იყენებენ სარწყავად. აღსანიშნავია წყალთბილას გოგირდოვანი თერმული წყალი, აგრეთვე ურაველისა და გურკელის მინერალური სამკურნალო წყლები.

mcenareuli safari

მუნიციპალიტეტში სამი ძირითადი ზონაა; გარდამავალი ტყესტეპისა, მთის ტყისა და მდელოსი. დაბალ ნაწილში განვითარებულია მდელოს ყავისფერი და ალუვიური მდელოს კარბონატული ნიადაგები, მესხეთისა და ერუშეთის ქედების ტყიან კალთებზე – ტყის ყომრალი ნიადაგი, რომელსაც უფრო მაღლა მთის მდელოს კორდიანი ნიადაგი ცვლის. ჭალის ზედა ტერასებზე ალუვიური ნიადაგია. ცენტრალურ ნაწილში გაბატონებულია კლდის ქსეროფიტული ბუჩქები და ნახევარბუჩქნარები (ღვია, გლერძა, ზღარბა, შავგაჯა) აგრეთვე ქსეროფიტული მრავალწლიანი ბალახეულობა, დიდი ფართობი უჭირავს ველის წივანიან და ვაციწვერიან დაჯგუფებებს. სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილში მთის ტაის ქვედა ზონა მუერან-რცხილნარს უჭირავს. მესხეთის ქედის ტაის ზედა ზონაში გავრცელებულია ნაძვნარ-სოჭნარი, ხოლო ერუშეთის ქედის ამავე ზონაში მთის ფიჭვნარი. ქედების თხემურ ზოლში სუბალპური და ალპური მდელოებია, რომლებიც ერუშეთის ქედზე ველის ელემენტებსაც შეიცავს.

cxovelTa samyaro

მუნიციპალიტეტში აქა იქ გვხვდება ირემი, შველი, არჩვი, გარეული ღორი, წავი, ჭრელტყავა, ფოცხვერი, გარეული კატა, დათვი, გველი, მელა, მაჩვი, კვერნა, დედოფალა, კურდღელი, ტელეუტური ციყვი (აკლიმატიზებულია), წყლის მემინდვრია, ტყის თაგვი, ბევრია გარეული მტრედი, ქედანი, გვრიტი, ყვავი, კაჭკაჭი, შოშია, მწყერი. მაღალ მთებში ბინადრობს კავკასიური როჭო, იშვიათია კაკაბი. ზოგან გვხვდება ჯოჯო, მრავალგანაა ხვლიკი, გველხოკერა, ანკარა, გომბეშო, ვასაკა, ტბის ბაყაყი, მდინარეებში არის კალმახი, წვერა, მურწა, ტობი, ხრამული და სხვა.

sasargeblo wiaRiseuli

ახალციხის მუნიციპალიტეტი მდიდარია სხვადასხვა საბადოებით. სოფელ მუსხის მიდამოებში არის დიატომიტის საბადო, სოფელ ბოგასა და გიორგიწმინდაში - ახალციხის აქატის საბადოები, ხოლო ვალესა და ნაოხრების მიმდებარე ტერიტორიაზე არის ახალციხის მურა ნახშირის საბადო.

mosaxleoba

მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია (68 %), ეთნიკური სომხები კი 30,9 %-ს შეადგენენ.

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 54 747
2002 45 741
2014 38 895
2021 39 500

ekonomika

ეკონომიკის წამყვანი დარგია მრეწველობა, არის მოპოვებითი და გადამამუშავებელი მრეწველობის მცირე საწარმოები. სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია მეხილეობა, მევენახეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა, მოჰყავთ მარცვლეული კულტურები.

ganaTleba da kultura

მუნიციპალიტეტში არის 9 საბავშვო ბაღი, 46 საჯარო სკოლა და ვალეს სამუსიკო სკოლა. მუნიციპალიტეტში არის 42 ბიბლიოთეკა.

RirSesaniSnaobebi

1 არყისციხე 5 ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია 9 საყუნეთის ეკლესია (XV-XVI სს.)
2 აწყურის ციხე და ღვთისმშობლის ეკლესია 6 თისელის ციხე და ეკლესია 10 სლესის (მოქცევის) ციხე
3 ბიეთის ტაძარი 7 საკანაფე 11 ჯვრის ციხე სოფელ ჭვინთაში
4 ბაიები 8 საფარის მონასტერი (X-XIV სს.) 12 ეკლესია სოფელ ელიაწმინდაში (XIII-XVI სს.)
           
           
           
           
           
           

 

foto galerea

axalcixis soflebi

მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
კოორდინატები 41°38`20″ ჩ. გ. 42°59`10″ ა. გ.
ადმინისტრაციული ცენტრი
ახალციხე
დაარსდა 1935
ფართობი 1010.3 კმ²
მოსახლეობა 38 895 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 38,51 კაცი/კმ²
ეროვნული 
შემადგენლობა
ქართველები 68 %
სომხები 30,9 %
რუსები 0,4 %
ბერძნები 0,2 %
სარწმუნოებრივი შემადგენლობა
მართლმადიდებლები 68 %
გრიგორიანები 17,4 %
კათოლიკეები 12,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი  
ოფიციალური საიტი https://www.akhaltsikhe.gov.ge/

 

 

 

ასპინძის გერბი ასპინძის დროშა

ადრიაწმინდა - შუა საუკუნეების ეკლესია

აწყურის - საეპისკოპოსო. სლესის (მოქცევის) ციხე და აწყურის ციხე, ასევე საკანაფეს ციხესიმაგრე.

აგარის მონასტერი

კურორტი - ურაველი

ჭვინთა - შუა საუკუნეების „ჯვრის ციხე“ და მონასტერი

ყურალისი - ამავე სახელწოდების ციხესიმაგრე

წნისი - შუა საუკუნეების ციხის და XIII საუკუნის ეკლესიის ნანგრევები

წყორძა - XIII საუკუნის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი ბაიები